2002 წელს დავიწყე MotoGP-ს ყურება, მე-11 კლასში ვიყავი მაშინ, ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვალენტინო როსი მომწონდა ძალიან.
ნატვრად მქონდა, რომ ოდესმე მეც რამენაირად ვეზიარებოდი ამ სპორტს. ნატვრა ნატვრად დარჩა, ძალიან ბევრი წელი გავიდა, არც მოტოციკლი მყავდა, არც ტარება ვიცოდი (მხოლოდ თეორიულ დონეზე). 2017 წელს წავედი და მართვის მოწმობა ავიღე, რა იცი რა ხდება მეთქი.
როგორც იქნა, 2021 წელს 200 კუბიანი პატარა ბაიკი ვიყიდე, ცოტა ვიარე, გავყიდე, უფრო დიდი ვიყიდე, მერე ისიც გავყიდე და 2021 წლის ბოლოს მივაღწიე იმას, რომ ძველი სპორტბაიკი ვიყიდე და 2022 წლის გაზაფხულზე პირველად გავედი ტრეკზე. ამით დაიწყო ჩემი ოცნების რეალობად ქცევა. მესამე სარბოლო სეზონი დამეწყო და 23 ივნისს 40 წლის ვხდები, თან ამ სეზონის პირველი რბოლა მაქვს. მეტი უკეთესი დაბადების დღის გადახდა რომელია, მე არ ვიცი.
მოკლედ, ოცნებები ხდება და ეს ფაქტია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენხანს ეძინა შენში იმ ოცნებას, რომელიც აუცილებლად უნდა ახდეს.
MotoGP სულ სხვანაირი საყურებელი და აღსაქმელი ხდება, როდესაც ზუსტად იცი, რას გრძნობს პილოტი აჩქარებისას, დამუხრუჭებისას ან მოსახვევში შესვლისას და გამოსვლისას. ძალიან კარგია, რომ საქართველოში გვაქვს მსგავსი ოცნებების ახდენის რეალური საშუალებები.